დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსინგი და ინფლუენსერების ანუ გავლენიანი, ცნობადი ადამიანების რეკომენდაციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. დღესდღეობით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი არის ჩართული სოციალურ ქსელ facebook- ში, ხოლო ინსტაგრამს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს აქტიურად მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში facebook- ზე 2 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამდენი ადამიანის გაერთიანება ერთ სივრცეში, მნიშვნელოვნად იპყრობს მარკეტინგის და კომუნიკაციის სპეციალისტების ყურადღებას, როგორც ისინი იტყვიან, სადაც არის ან ჩნდება აუდიტორია, აქტუალური ხდება მათი ინფორმირება და მათზე გავლენის მოხდენა.
2018 წელს 200 მილიონამდე დოლარი ჩაიდო ინფლუენსერ მარკეტინგში მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ინფლუენსერ კამპანია განხორციელდა ინსტაგრამზე (80 %) ფეისბუქსა (47%) და იუთუბზე (37%). მარკეტერების და კომუნიკაციის სპეციალისტების 73 % მსოფლიოს მასშტაბით ირჩევს ბრენდების პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერების გამოყენებას.
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები - ამ საკითხზე influencer.ge-ს იდეის ავტორებს, ელდარ პირმისშვილს და ნინა პერტენავას ვესაუბრეთ.
ელდარ რატომ გახდა საჭირო ინფლუენსერები და თუ არის მოთხოვნა საქართველოში მათზე ?
ათ წელზე მეტია სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში ვმუშაობ, ვაკვირდებით ადამიანების ქცევას და ბაზრის დინამიკას. ახალი მედიის, სოციალური ქსელების და დიჯიტალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვანი გახადა ბრენდებისთვის ინფლუენსერების გამოყენება, ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე გვაქვს. საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები გვთხოვენ ინფლუენსერების სტრატეგიის შემუშავებას, მოთხოვნა მზარდია და სამომავლოდ უფრო მეტი ბრენდი დაინტერესდება ინფლუენსერების მუშაობით და შედეგებით.
ნინა, ვინ არიან ინფლუენსერები და რას აკეთებენ ისინი ბრენდებისთვის ?
გავლენა და გავლენიანი ადამიანები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. უბრალოდ, შეიცვალა გავლენის საშუალებები. თუ ადრე გავლენა ძირითადად ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ნაწილდებოდა, ახლა ახალი მედია და სოციალური ქსელები ქმნიან საინფორმაციო ამინდს. ინფლუენსერები თავიანთ ჯგუფში გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც ან თავისი საქმიანობით გახდნენ ცნობილები და სანდოები, ან სპეციალური კონტენტის შექმნით სოციალურ ქსელებში მოიპოვეს გავლენა და პოპულარობა. მათ ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მეგობრები/მიმდევრები და შეუძლიათ ბრენდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა, ბრენდის სწორ სეგმენტზე გათვლა ამ სეგმენტზე მორგებული კონტენტის და გზავნილის შექმნა, ასევე, მათი ჩართვა დისკუსიაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ყიდვით მთავრდება. საკმაოდ კარგი და ხარჯთეფექტიანი საშუალებაა ბრენდისთვის.
ელდარ, რა ტიპის მომსახურება ექნება influencer.ge-ს ?
ჩვენ ბაზარზე წარმოდგენილი ვიქნებით სამი ძირითადი მომსახურებით. ესენია: ინფლუენსერ სტრატეგია, ღონისძიება და კონსულტაცია. კომპანიებს კომპეტენტური და გრძელვადიანი გეგმა სჭირდებათ, როგორ დაგეგმონ კამპანიები ინფლუენსერების დახმარებით და რაც ყველაზე მთავარია, მოახდინონ თანხების და შედეგების სწორად გადანაწილება.
ნინა, როგორ უნდა გამოიყენონ influencer.ge-ს მომსახურებები ბრენდებმა და ვისზე არის გათვლილი ის ?
ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ბრენდებთან მუშაობის და ვიცით, რა სურთ მათ. ამ მომსახურების ჩამოყალიბებაც მათთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, ესენი არიან საშუალო და დიდი ბრენდები ძირითადად საერთაშორისო, თუმცა, ქართულ ბრენდებსაც აინტერესებთ ინფლუენსინგის სტრატეგიის შემუშავება და განვითარება, ინფლუენსერები ქმნიან ბრენდისთვის მნიშვნელოვან კაპიტალს, ეს არის ნდობა და გაყიდვა, სადაც ყველა მხარე კმაყოფილია მიღებული შედეგით.