რა არის ინფლუენსინგი და ვინ არიან ინფლუენსერები –  ელდარ პირმისაშვილი

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ,,გავლენაა".  ბოლო დროს, ორგანიზაციები და ბრენდები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს. ცვლილებები კომუნიკაციაში მსოფლიო მასშტაბით განაპირობა ციფრული სამყაროს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის შექმნამ და განვითარებამ. შეიცვალა სამყარო, მასთან ერთად - კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები, შესაბამისად, შეიცვალნენ ადამიანები, მათი შეხედულებები, განწყობები და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ნდობის ხარისხი.

ახალ სამყაროში ძველი მეთოდებით ბრენდები ვეღარ იღებენ სასურველ შედეგს, სწორედ ამიტომ, ბრენდებისთვის, მარკეტერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ,,სოციალური ვალუტა", რომელიც პირდაპირ კავშირშია გავლენიანი ადამიანების - ინფლუენსერების (influencers) მუშაობასთან.
პროდუქტის ან ბრენდის რეკომენდაციის გაწევა, მასზე საუბარი და ლოიალური მომხმარებლების გამოხმაურებების გაზიარება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და შედეგიანი, როგორიც არის დღეს. ბრენდები გაყიდვების სტიმულირებისთვის, იმიჯისა და რეპუტაციის შექმნისთვის სოლიდურ თანხებს, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ და სულ ეძებენ ნაკლებდანახარჯიან გზებს მიიტანონ მომხმარებლებამდე თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება, შეიქმნან ცნობადობა და დადებითი რეპუტაცია.

ციფრულ სამყაროში ახალმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა დაამკვიდრა და აქტუალური გახადა სიტყვა ინფლუენსინგი (გავლენის მოხდენა). ინფლუენსინგს სპეციალისტები ახასიათებენ, როგორც საკომუნიკაციო შესაძლებლობას, რომლის მიზანია გავლენიანი ადამიანების ძალისხმევით მოახდინონ წვდომა და ორმხრივი კავშირების შექმნა თავიანთ მიზნობრივ ჯგუფებთან, შეიქმნან ცნობადობა და სტიმულირება მოახდინონ გაყიდვების.

დღესდღეობით, ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი, ბლოგერი, ვლოგერი. განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი და საკუთარი თავის წარმოჩენა ძალიან პოპულარული და ხშირ შემთხვევაში, ონლაინ საზოგადოებაში მისაღები გახდა, რაც ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. ინფლუენსერების ძირითადი გამოწვევა არის: დამატებითი ღირებულების შექმნა კარიერისთვის, ცნობადობისა და იმიჯის შექმნა, რომელიც გენერირდება შემოსავლებში ან უბრალოდ გართობასა და ჰობში.
არსებობს ინფლუენსერების ორი ტიპი:
• კონტენტკრეატორები: ბლოგერები, ვლოგერები, ექსპერტები და ა.შ
• ლაიფკასტერები: სელებრითები, ანტრეპრენერები, მოდელები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ა.შ

ლაიფკასტერები არიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალური ქსელების გარეშეც წარმატებულები და ცნობილები არიან, ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებზე, მათ გავლენა ოფლაინში მოიპოვეს და შემდეგ  გადმოიტანეს თავიანთი იმიჯი და სანდოობა ონლაინში.
კონტენტკრეატორები არიან  ის ინფლუენსერები, რომლებიც სოციალური ქსელების დახმარებით გახდნენ პოპულარულები, ისინი ქმნიან სპეციალურ იმიჯებსა და ტექსტებს  (კონტენტს) ცხოვრების სტილისა თუ სხვადასხვა მიმართულებების საჩვენებლად, ისინი, როგორც ლაიფკასტერები, სელებრითების მსგავსად ადამიანებისთვის (გამომწერებისთვის ) როლური მოდელები არიან.
ინფლუენსერების მთავრი ღირებულება მათი შედეგია, დღეს კომუნიკაცია გახდა ყველაზე თვლადი მისი ისტორიის მანძილზე. ცნობადობის შექმნა, აუდიტორიის სწორად შერჩევა,  მათი გააქტიურება და მაღალი ჩართულობის  გამოწვევა ინფლუენსერების ძირითადი დავალებაა.

რეიტინგული გამოცემა ,,ფორბსი“ სტატიაში გამოკითხვის შედეგებს გვაჩვენებს, ინტერნეტ მომხმარებლების 47 % ბლოკავს ინტერნეტ რეკლამას, რაც რეკლამის ნაკლებეფექტურობასა და დანახარჯების გაძვირებას იწვევს, ასევე ბოლო დროს საგრძნობლად გაზრდილია ინფლუენსერებზე დანახარჯები მარკეტინგულ ბიუჯეტებში, ხოლო ონლაინ მომხმარებლების 86 % ინფლუენსერებისგან ავთენტურობასა (ნამდვილობას)  და ნდობას ითხოვს, სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი ინფლუენსინგი, სადაც მუშაობს ,,მესამე პირის ეფექტი"– როდესაც ერთი შეხედვით დაუინტერესებელი მხარე რეკომენდაციას უწევს პროდუქტს ან მომსახურებას.

და მაინც, რატომ მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?
• რეიტინგი – ინფლუენსერებს ჰყავთ დიდი რაოდენობის მიმდევრები/გამომწერები;
• გავლენა – ისინი გავლენიანები და სანდოები არიან თავიანთი გამომწერებისა და  მიმდევრების წრეში;
• კომპეტენტურობა – მარტივად და სწრაფად ერკვევიან ბრენდის არსში და არიან კომპეტენტურები;
• ვიზუალი და კონტენტი – მათ შეუძლიათ ტენდენციური, განსხვავებული და საინტერესო ვიზუალური და ტექსტუალური მასალის შექმნა და აუდიტორიის დაინტერესება;
• პერსონალურობა – პერსონალური გამოცდილება უფრო აინტერესებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ვიდრე ბრენდების გამოქვეყნებული შეთავაზებები.
• სწრაფი შედეგი –  ინფლუენსერების სიტყვა ,,ვირუსს" ჰგავს - ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან ინტერნეტში იდეის გავრცელება და მასზე რეაგირება სწრაფად ხდება.
• თვლადი შედეგი და სტატისტიკა – მარტივად შეიძლება ინფლუენსერების მუშაობის გაზომვა და შედეგების დემონსტრირება, რაც სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების დროს მეტ დროს, რესურს დანახარჯებს მოიცავს.
• ხარჯთეფექტურობა – ინფლუენსერების სამუშაო ,,იაფი" არ ღირს, თუმცა ბრენდის გადახდილი თანხა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მიღებულ შედეგთან, კარგი ინფლეუნსინგის შედეგი მაშინ არის მისაღები, როდესაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.

და ბოლოს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ–ერთი დამფუძნებელი - ედვარდ ბერნეისი ამბობდა: ,,რატომ უნდა მოვახდინო გავლენა მილიონობით ადამიანზე, თუ შემიძლია ერთი ადამიანით მოვახერხო იგივე".